ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს, რომელიც კახა კალაძემ ფეისბუკში გაავრცელა "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო, ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედსა და ქტიტორს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილის კარიკატურულმა რეჟიმმა მოქალაქეობა არ მიანიჭა. მსოფლიო თანამეგობრობა და ქართული საზოგადოებრიობა ხედავს თუ როგორი ძნელია პროგნოზირება იმ ხელისუფლებისა, რომელიც გამოცემს ერთ ადამიანზე მორგებულ, აბსურდულ კანონებს. სააკაშვილის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებები დაფუძნებულია ძალადობაზე, შანტაჟზე, ტერორსა და ფარსზე. ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის არ მიცემა, ქართველი ხალხის ბრძოლას არსებული კვაზი რეჟიმისადმი უფრო აძლიერებს. არ არსებობს ძალა რომელიც შეაჩერებს ბრძოლას თავისუფლებისადმი, დემოკრატიული პრინციპებიდან არ გადავუხვევთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა გზით მივალთ დასახულ მიზნამდე. დღეს აღარაა შიშისა და თავის ჩაქინდვრის დრო. შიში გატეხილია, ყველა ქალაქსა თუ სოფელში თავი მაღლა ავწიოთ, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ერთად დგომით დავანახოთ სიძლიერე. ისინი არიან ერთეულები, მათი ძალა არის ადამიანების გულგატეხილობა და ნიჰილიზმი, ჩვენი სიძლიერე კი ერთად დგომა და მომავალი საქართველოს შენებაა. მათთვის არსებობს მხოლოდ ნაციონალური სამართალი, ჩვენთვის კი კანონზე დაფუძნებული. მათთვის ადამიანები ამომრჩევლები არიან, ჩვენთვის კი მოქალაქენი. ისინი ცდილობენ გვაცხოვრონ თავიანთი კანონებით, სადაც მოსახლეობას მხოლოდ არარეალური გადასახადების ვალდებულებები აკისრიათ და ავიწყდებათ, რომ ჩვენ მოქალაქეებს უფლებებიც გვაქვს.ძალიან ვწუხვარ, რომ „ნაციონალური" იუსტიცია ბრმა, ყრუ და მუნჯია. არსებული დეფექტიანი იუსტიციის პირობებში არ სრულდება სამართალი და ქვეყანა ცხოვრობს ერთი კაცის ილუზიებით. ქვეყანაში არსებული რეჟიმი შეცდომებს შეცდომებზე უშვებს, რითაც უფრო აჩქარებენ ნაციონალური დაისის დადგომას. სულ მალე ყველა თვალნათლივ დაინახავს თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლით და ერთად დგომით მივაღწევთ მიზანს და ავისრულებთ ქართულ ოცნებას".