ევროკავშირმა ჰიბრიდული საფრთხეების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭომ შემზღუდველი ზომები დააწესა კიდევ 12 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირზე რუსეთის შემდგომი ჰიბრიდული ქმედებების გამო, მათ შორის უცხოური ინფორმაციის მანიპულირებისა და ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ კიბერშეტევების გამო.
სიაში დაამატეს კრემლთან აფილირებულ ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ ცენტრებში მომუშავე ცნობილი საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები.
ევროკავშირის საბჭომ ასევე დაამატა პირები იმ პირთა სიას, რომლებიც პრორუსულ პროპაგანდას, უკრაინისა და ნატო-ს საწინააღმდეგო ნარატივებს უწევენ პოპულარიზაციას. მათ შორის არიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩასული ყოფილი სამხედრო და პოლიციის ოფიცრები.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და სტრატეგიული ანალიტიკოსი, ჟაკ ბოდი, რომელიც „პრორუსულ პროპაგანდასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს“. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა ფრანგ ბიზნესმენსა და ყოფილ სამხედრო ოფიცერს, ქსავიე მოროს.
ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ამერიკელ ჯონ დუგანს, რომელიც ფლორიდის შერიფის ყოფილი მოადგილეა. დუგანი 2016 წლის შემდეგ რუსეთში ცხოვრობს და მას „ბრალად ედება კრემლის სასარგებლოდ ციფრული ოპერაციების წარმოება, ყალბი ამბების გამავრცელებელი ვებგვერდების მუშაობაში მონაწილეობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ცრუ ისტორიების გავრცელება“.
სულ, შემზღუდავ ზომებს ამჟამად 59 ფიზიკური პირი და 17 ორგანიზაციაექვემდებარებიან.
დღეს, ევროკავშირმა სანქციების სია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგაც გააფართოვა. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდაჭერის გამო სანქციები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას დაუწესდა.
ასევე დღეს, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა