დიდი ქართველი მამულიშვილის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, სერგეი მესხის დაბადების 180-ე საიუბილეო წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოვიდა საბა მეტრეველის მონოგრაფია, „მამულიშვილი - ცხოვრება და ღვაწლი სერგეი მესხისა“, რომელიც არა მხოლოდ ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს, არამედ დღევანდელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ და კულტუროლოგიურ გაკვეთილებს გვთავაზობს. საბა მეტრეველის ეს ფუნდამენტური ნაშრომი ამტკიცებს იმას, რომ სერგეი მესხი, მისი იდეები და მისი მამულიშვილობის კონცეფცია საქართველოს სჭირდება დღესაც. ეს მონოგრაფია არ არის უბრალო ბიოგრაფია; ეს არის კომპლექსური, საარქივო მასალებით გამყარებული კვლევა, რომელიც ს. მესხის ცხოვრებას ეროვნული თვითშეგნებისა და კულტურული იდეოლოგიის ფართო კონტექსტში განიხილავს.
XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, „დროება“ იყო არა მხოლოდ ბეჭდური ორგანო, არამედ ერის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი, ნამდვილი კერა, სადაც ყალიბდებოდა ეროვნული თვითშეგნება, საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკური იდეოლოგია. ს. მესხმა, როგორც „დროების“ რედაქტორმა, შექმნა საგაზეთო პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანი ეროვნული იდენტობის დაცვა და შენაჩუნება იყო. სწორედ „დროების“ ფურცლებზე წერდნენ საქართველოს მომავალზე, განათლებაზე, ეკონომიკასა და სამოქალაქო უფლებებზე. ამ გაზეთის მეშვეობით სერგეი მესხმა ქართულ კულტურაში დაამკვიდრა პუბლიცისტური აზროვნების ახალი სტანდარტი – კრიტიკული, პრინციპული და ეროვნული ინტერესების დამცველი. ამ კულტურულმა ტრანსფორმაციამ გააძლიერა ეროვნული ცნობიერება.

საბა მეტრეველის მონოგრაფიის უმთავრესი კულტუროლოგიური საჩუქარი ფართო მკითხველისთვის არის სერგეი მესხის მხატვრული მემკვიდრეობის შესწავლა-შეფასება და გამოქვეყნება. ეს ნაწილი მკაფიოდ წარმოაჩენს იმ შრომას, რომელიც ავტორმა გასწია. ნაშრომში თავმოყრილია ისეთი მხატვრული ტექსტები, რომლებიც თავის დროზე „დროებაში“ ქვეყნდებოდა, მაგრამ მთავარი აღმოჩენაა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიკვლეული სერგეი მესხის ლექსები, რომელთა შესახებაც ქართველმა მკითხველმა, პრაქტიკულად, არაფერი იცოდა. ეს პოეზია არა მხოლოდ ავსებს მესხის შემოქმედებით პორტრეტს, არამედ ახალ ფილოსოფიურ და ემოციურ განზომილებას მატებს „მამულიშვილობის“ ცნებას. ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ პუბლიცისტს, არამედ ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე პოეტს, რომელიც ეროვნულ ტკივილსა და იდეალებს ხელოვნების ენით გამოხატავდა. ამ გზით საბა მეტრეველი ს. მესხს უბრუნებს თავის სრულყოფილ, მრავალმხრივ კულტურულ სახეს, რომელც ეროვნული მეხსიერების აღდგენის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აქვე უნდა აღინიშნოს ის შინაგანი კავშირი, რომელიც ავტორსა და მონოგრაფიის გმირს, სერგეი მესხს, აერთიანებთ. ავტორი წერს თავისი თანამემამულის შესახებ გატაცებითა და სიყვარულით - ეს კვლევას ემოციურ სიღრმეს სძენს.
მონოგრაფიის ცენტრალური ფილოსოფიური ცნება არის „მამულიშვილობა“. საბა მეტრეველის ნაშრომი სცდება ბიოგრაფიულ ფაქტებს და კითხვას სვამს: რა არის მამულიშვილობა თანამედროვე გაგებით? სერგეი მესხის ცხოვრების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტი მამულიშვილობა არის პრინციპულობა, მოქმედება, პასუხისმგებლობა: მან გამოიყენა თავისი შესაძლებლობები და თავდაუზოგავად ემსახურა ეროვნულ თვითშეგნებას. მონოგრაფიის მთავარი ფილოსოფიური ღერძი არის ცნება „მამულიშვილობა“. ავტორი მესხის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ანალიზით პასუხობს კითხვას, თუ ვინ არის „ქართველობის დარაჯი და მცველი“ თანამედროვე ეპოქაში. სერგეი მესხის მთავარი საზრუნავი იყო „ეროვნული გადაგვარების“ საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ახალგაზრდობას, თუკი ისინი დაკარგავდნენ ეროვნულ გრძნობას. მონოგრაფია გვიჩვენებს, რომ მესხისთვის „ენა და გვარტომობა“ სიწმინდის რანგში აყვანილი სიმდიდრე იყო და ამის კვალობაზე სერგეი მესხის მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობის დაცვის იდეოლოგიურ მოდელადაა განხილული.
ახლა, როცა ქვეყანა უმწვავესი ეროვნული და გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, ს. მესხის ცხოვრების ფილოსოფია გვასწავლის, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა პირდაპირაა დაკავშირებული მოქალაქის მიერ გაწეულ პრინციპულ და ინტელექტუალურ შრომასთან. მამულიშვილობა, ამ მონოგრაფიის მიხედვით, არის მოქმედება და არა მხოლოდ იდეა.
საბა მეტრეველის „მამულიშვილით“ ქართველ ერს დაუბრუნდა ისტორიული ფიგურა, რომლის იდეები და მორალური კოდექსი დღესაც აქტუალურია.
თეიმურაზ ჭუმბურიძე