გალის რაიონის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სოფელ რეფში, უცნობი პირების მიერ, მათთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ სამძებრო ოპერაცია დაიწყეს.
აფხაზური მხარე იუწყება, რომ მათ შემთხვევის ადგილიდან 300 მეტრში მარცხენა ფეხში დაჭრილი ადამიანი აღმოაჩინეს, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო. მათივე ინფორმაციით დაჭრილს თან ჰქონდა 5,45 მმ. კალიბრის ავტომატი და მჭიდები. ამასთან ერთად, მას ასევე თან ჰქონდა ნაღმებით სავსე ხელჩანთა.
"დაკთხვის შედეგად დადგინდა, რომ დაჭრილი ადამიანი 1959 წელს დაბადებული, გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩას მკვიდრი მალხაზ ლევანის ძე რურუაა. რურუა ბოლო დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ცხოვრობდა" _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, 1980 წელს რურუა მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და მას 10 წელი მიუსაჯეს. სასჯელი მან საქართველოში მოიხადა.
"თავად რურუას განცხადებით, მან და კიდევ სამმა ბოროტმოქმედმა ხუთი დღის წინ ქართულ-აფხაზური საზღვარი გადმოლახეს. მათი მიზანი ავტობუსებზე და სამარშრუტო ტაქსებზე თავდასხმა იყო. დაკავებულს აუცილებელი სამედინო დახმარება აღმოუჩინეს. დანარჩენი ბოროტმოქმედების ძებნა გრძელდება", _ აცხადებს გალის რაიონის ე.წ. მილიციის განყოფილების უფროსი ლაურენს კოღონია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გალის რაიონის სოფელ რეპში "ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებებს გაატარებისას" მიტოვებული სახლისა და მიწის ნაკვეთის დათვალიერებისას გალის რაიონის ე.წ. მილიციის თანამშრომლებს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუსხნეს. ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზურმა მხარემ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. "მიუხედავად ამისა ბოროტმოქმედები ტყის მასივში მიიმალნენ", _ აცხადებდა გალის რაიონის ე.წ. მილიციის განყოფილების უფროსი ლაურენს კოღონია.