თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმაურება სტუდია ,,მონიტორის" მიერ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გავრცელებულ
ინფორმაციას , რომელიც ახალი ამბების სააგენტო -
GHN -ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა და აცხადებს, რომ სტუდიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ:
"2011 წლის 7 ივლისს დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა გიორგი ჩუბინიძის მიმართ, მას ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მცდელობისთვის წარედგინა.
საქმის მასალების მიხედვით:
2008 წლის 11 ივლისს, გიორგი ჩუბინიძე გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქურდობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზრვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თუმცა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გიორგი ჩუბინიძემ კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ: 2011 წლის 3 იანვარს, თეიმურაზ პ.-მ, არასრულწლოვანმა ალეკო პ.-მ და ალექსანდრე წ.-მ განიზრახეს ფარულად დაუფლებოდნენ ავჭალის დასახლებაში, კონიაკის ქარხნის სააგარაკე ნაკვეთებში მდებარე შპს. ,,საქართველოს რკინიგზის" კუთვნილი ნივთებიდან სხვადასხვა ზომის რკინის დეტალებს. ამ მიზნით, იმავე დღეს დაახლოებით 11:00 საათზე ისინი მივიდნენ შპს. ,,საქართველოს რკინიგზის"კუთვნილ ნაკვეთებში, რა დროსაც ალეკო პ. მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავის მეზობელ - გიორგი ჩუბინიძეს და სთხოვა მისი კუთვნილი ავტომანქანით დახმარებოდა მოპარული ჯართის წამოღებაში. გიორგი ჩუბინიძე დათქმულ დროს მართლაც მივიდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და მათ ერთად სხვადასხვა ზომის რკინის ნაჭრები ავტომანქანის საბარგულსა და სალონში ჩაალაგეს. სწორედ დანაშაულის ჩადენისას მოხდა ზემოაღნიშნული პირების დაკავება გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ. დაკავებისას ოთხივე მათგანმა აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯართის ქურდობის მცდელობას.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების პროცესში გ. ჩუბინიძის თანამზრახველმა პირებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ასევე ამხილეს გ. ჩუბინიძე მათთან ერთად აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.
ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას გიორგი ჩუბინიძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არ იცოდა, რომ ჯართი მოპარული იყო, თუმცა დაადასტურა, რომ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჯართის დატვირთვაში. სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მსგავსი განმარტება მიზნად ისახავდა ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ერთ-ერთმა თანამონაწილემ - თეიმურაზ პ.-მ განაცხადა, რომ გიორგი ჩუბინიძისათვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ჯართი იყო მოპარული. ბრალდებულის მიერ ქურდობის მცდელობაში მონაწილეობა, გარდა თეიმურაზ პ.-ს ჩვენებისა დადასტურებულ იქნა: დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ჯართის მოგროვება და შემდგომ მისი დატვირთვა ავტომანქანაზე განხილული იქნა ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ერთიანი პროცესის ეტაპებად და მიუხედავად იმისა იღებდა თუ არა გიორგი ჩუბინიძე საწყის სტადიაზე მონაწილეობას, მისი ქმედება შემდეგ სტადიაზე - თანამონაწილეობად შეფასდა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქცია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის ჩადენილი ქურდობისთვის ოთხიდან - შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გიორგი ჩუბინიძეს ქურდობის მცდელობისთვის 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა კანონის სავალდებულო მოთხოვნა და აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 8 თვის და 26 დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის, 2 თვისა და 26 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა".