მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, არის ევროპის საბჭოს წევრი და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ფაქტორია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა.
ბერსეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა ვხედავთ, რომ მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს ამ პოლიტიკებთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“.
ალენ ბერსეს თქმით, მნიშვნელოვანია, კვლავ იპოვონ გზები ღირებულებებსა და ვალდებულებებზე თანხვედრის აღსადგენად.
„როგორც იცით, რეგულარულ კონტაქტში ვართ და მნიშვნელოვანია, კვლავ ვიპოვოთ გზები ღირებულებებსა და ვალდებულებებზე თანხვედრის აღსადგენად. იმ ფუნდამენტურ ელემენტებზე, რომლებიც გვაქცევს ერთ კონტინენტად, ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოსთან ერთად“, – განაცხადა ალენ ბერსემ.