იქამდე სანამ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და არ აღიარებს საქართველოს საზღვრებს ისე როგორც ამას აკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა, ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი რუსეთთან არის სრულიად გამორიცხული. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
"რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე სრულიად გამოკვეთილი პოზიცია აქვს საქართველოში ყველას. მანამ სანამ საქართველოში არსებობს რუსეთის ორი საელჩო, რუსეთთან ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არის გამორიცხული. თბილისში მესამე საელჩოს ამოქმედებით მივიღებთ სრულიად აბსურდულ სიტუაციას", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის მოხსნას, ფანჯიკიძის თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუადვილებს.
"რუსეთის განცხადების ერთი ნაწილი, რომელიც ეხებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთის მხრიდან, რაც იყო პასუხი საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, იქნება კარგი, რადგან ეს საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე რუსეთის მოქალაქეებსაც იოლად იარონ ერთი ქვეყნიდან მეორეში. ეს გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ძალიან ბევრს ყავს ნათესავი რუსეთში. ასევე, ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს ახლა რუსეთის მოქალაქე და უნდოდეს საქართველოში ჩამოსვლა და ეს არ იყოს მისთვის იოლი. ეს ყველაფერი გააილობეს მიმოსვლას, გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს რაც ნამდვილად კარგი იქნება", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.