პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" დღეს ორ რეგიონალურ ოფისს ხობსა და ქობულეთში ხსნის. კოალიციის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება ოფისის გახსნა გურჯაანში, ჭიათურაში, მცხეთაში, საგარეჯოში, მარნეულსა და ჩხოროწყუში. მისივე თქმით, თვის ბოლომდე გახსნილი იქნება ყველა რეგიონალური ოფისი.
ფანჯიკიძისვე თქმით, ადამიანებს, რომლებიც თანხმდებოდნენ კოალიციისთვის ფართის მიქირავებაზე, გარკვეული პრობლემები ექმნებოდათ.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრგან მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემა, რომ მათ გამოხატეს მხარდაჭერა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ. წინა ბრიფინგზე იმაზეც მქონდა ლაპარაკი, რომ ბევრს პრობლემა იმის გამო შეექმნა, რომ უნდოდათ ოფისი მოექირავებინათ ჩვენთვის და შემდეგ ზეწოლის გამო იძულებული ხდებოდნენ უარი ეთქვათ ფართის მოქირავებაზე. ასეთი ფაქტები არსებობს, მაგრამ მე არ მინდა კონკრეტული გვარების დასახელება რათა უფრო მეტი პრობლემა არ შეექმნათ ამ ადამიანებს. რამდენიმე ადამიანს ქართული ოცნების გაზეთის კითხვის გამოც კი შეექმნა პრობლემა. ჩვენ ყველას ვპირდებით, რომ მათ უფლებებს დავიცავთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უკანონოდ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან, მიმართოს "ქართული ოცნების" იურიდიულ სამსახურებს.
"თუ ვინმეს უკანონოდ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან მათ შეუძლია მიმართონ ჩვენს იურიდიულ სამსახურებს და დავეხმარებით სამართლიანობის აღდგენაში. გავიმეორებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ძალიან მალე - 6-7 თვეში შეიძლება სიტუაცია და სამართლიანობა აღდგება მთელ ქვეყანაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.