"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საპარლამენტო დებატებისას საქართველოს პრეზიდენტს ის პრობლემები ჩამოუთვალა, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
„მე წარმოვადგენ იმ ქართველებს, რომლებიც ყოველ დილით გადიან სახლიდან და მთელი დღე შრომობენ, რომ გვიან ღამით დაბრუნებულებმა ლუკმა-პური შეიტანონ ოჯახში. მე წარმოვადგენ ყაზბეგელ პედაგოგებს, რომლებიც 15-20-გრადუსიან ყინვაში, ყოველდღე დადიან სკოლებში და ისედაც კანტი0კუნტად შემორჩენილ მოსწავლეებს სკოლის გარეშე არ ტოვებენ. მე ორი დღის წინ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ვნახე ურთულეს პირობებში პოსტზე მდგომი ჩვენი მესაზღვრეები. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პედაგოგები ასევე მესაზღვრეები არიან. მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ და არა ხელფასების შემცირება. მე დღეს წარმოვადგენ იმ პენსიონერებს, რომლებთა პენსიაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და წამლის ყიდვასაც ვერ აუდის. მე წარმოვადგენ იმ ათასობით ახალგაზრდის ოჯახს, რომელთა შვილებსაც უსახსრობის გამო სტუდენტთან სტატუსი აქვს შეჩერებული. მე მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან, მილიონზე მეტი საკუთარ სამშობლოსა და ოჯახს მოწყვეტილი ქართველი ემიგრანტის ტკივილმაც ილაპარაკოს. მე წარმოვადგენ ქართველ გლეხსა და ფერმერს, რომელიც დაუცხრომელი სიჯიუტით ჯერ კიდევ იბრძვის გადარჩენისთვის. მე დღეს წარმოვადგენ ჩვენს სოფელს, რომელიც იმის მაგივრად, რომ ქვეყანას კვებავდეს, საკუთარი თავის გამოკვებასაც ძლივს ახერხებს. მე წარმოვადგენ მცირე და საშუალო ბზინესში დასაქმებულ ქართველ მეწარმეებს, რომელთა შრომითაც შექმნილი ფულისგან ქართველი ხალხის მიერ დაქირავებულ მთავრობას ხელფასებს უხდიან. მე წარმოვადგენ ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც ჯარსა თუ პოლიციაში პატიოსნად მოიხადეს ვალი, იბრძოლეს საქართველოსთვის და დღეს სახელმწიფოსგან ზურგშექცეულებს ჯანდაცვის დაზღვევაც კი სახვეწარი გაუხდათ. მე წარმოვადგენ ქართველ ობლებს, რომლების მიმართაც სახელმწიფო სოლიდარობაც და პასუხისმგებლობაც მათხოვრული 55 ლარის პენსიით შემოიფარგლება. მე წარმოვადგენ იმ დევნილეს, რომლებსაც 100 კილოვატის შეღავათი ისე მუუხსნეს, არც კი უფიქრიათ ამ ცივ ზამთარში ოჯახებს რითი გაათბობდნენ. მე წარმოვადგენ აქ ადვოკატებს, რომლებიც პროკურატურის დანამატად უნდა აქციონ, რის შედეგადაც მათი ერთადერთი ფუნქცია პროკურორებთან საპროცესო შეთანხმებაზე შეუამავლობა იქნება", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, ჟურნალისტები, რომელთა მისია ხალხთან სიმართლის მიტანაა, ამას ვერ ახერხებენ.
„მე წარმოვადგენ იმ ჟურნალისტებს, რომელთა მისია ხალხთან სიმართლის მიტანაა და რომლებიც წუხან იმაზე, რომ პროფესიული ჟურნალისტიკისთვის სივრცე უფრო და უფრო იზღუდება, ხოლო მათ თავისუფალ ნებას ორივე მხარის უხეში პროპაგანდისტული მანქანა ხერხემალში გადამტვრევით ემუქრება. მე წარმოვადგენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს არ გაუთვალისწინებია მათი შეხედულებები რელიგიური სტატუსის მინიჭებისა და საკულტო ნაგებობის მშენებლობის თაობაზე, ყოველდღე ლოცულობენ ქვეყნის მთავრობისა და მხედრობისთვის", - აღნიშნა თარგამაძემ.