"ქართული ოცნების" პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 24 თებერვალს, დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს უშლის კოალიციის მუშაობას.
"კოალიციის პრეზენტაციას მიეძღვნა 24 თებერვალს გამართული შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების და მისიების წარმომადგენლები. მათ კოალიციის სამოქმედო გეგმა და ამოცანები გააცნეს კოალიციის ლიდერებმა. ამ შეხვედრაზე აგრეთვე იყო ლაპარაკი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტზებზე, რომელიც ხელს უშლის კოალიციის მუშაობას. ასევე გამახვილდა ყურადღება "ქართული ოფისის" ცენტრალური ოფისის შენობის ბედზე, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვეველია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაციის შესახებაც. მისი თქმით, კოალიციაში გაერთიანდა 4 პოლიტიკური სუბიექტი - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი".
"გარდა ამისა, კოალიციაში შედიან ძვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. კოალიციის პრეზენტაციის დროს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი დეკლარაცია სადაც ასახულია კოალიციის ღირებულებები და მიზნები. პრეზენტაციისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია იწყებს საარჩევნო ბრძოლას და ჩვენი მიზანია მივიდეთ თითოეული მოქალაქის ყურამდედა გავაცნოთ მათ ჩვენი სათქმელი. მან აგრეთქვე გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს იქნება არა მხოლოდ ამ კოალიციის, არამედ მთლიანად საქართველოს გამარჯვება", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.