საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მას არ უნახავს პარლამენტის თავჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადება საბერძნეთთან და ბერძენ ხალხთან დაკავშირებით, თუმცა ეჭვი არ ეპარება, რომ ბაქრაძე დიპლომატიურ ჩარჩოებს არ გასცდებოდა.
"საბერძნეთთან რაიმე სახის სკანდალზე საუბარი ნამდვილად გადამეტებულია. ბაქრაძის კომენტარი არ მომისმენია და არ წამიკითხავს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ბაქრაძე თავის განცხადებაში დიპლომატიურ ჩარჩოებს არ გასცდებოდა. თუ გულისხმობთ იმას, რომ მან შეფასება მოახდინა საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებზე, ეს ის თემაა, რომელზეც მსჯელობს მსოფლიო და მსოფლიოს ლიდერები. ბერნძებმა თვითონ ყველაზე უკეთ იციან თუ რამ მიიყვანა სიტუაცია აქამდე", - განაცხადა კალანდაძემ.
"გურია ნიუსის" ცნობით, დავით ბაქრაძემ 23 თებერვალს, ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "საბერძნეთს მაინც არაფერი ეშველება... ხალხი აგრესიულია".