ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ლოგოპედური სკოლის მშობლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, #193 საჯარო სკოლის მშობლები პასუხს სამინისტროსგან კვირის ბოლოს ელოდებიან და გაიმართება თუ არა აქციები, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, თუ სამინისტრო მშობლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი 20 თებერვალს სამინისტროში მინისტრს შეხვდებიან და შემდეგ უკვე საპროტესტო აქციებს გამართავენ სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ თბილისის #193 საჯარო, ყოფილი ლოგოპედური სკოლის მოსწავლეების სხვა საჯარო სკოლებში განაწილებას მშობლები ეწინააღმდეგებიან. სკოლაში სულ 144 ბავშვი სწავლობს, რომლებიც #203 საჯარო (ყრუ-მუნჯთა) სკოლაში უნდა გადავიდნენ.
#193 და #203 საჯარო სკოლების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშიკის ბრძანების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული სკოლების ოპტიმიზაცია გამოიწვევს როგორც ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლის ხარჯების დაზოგვას.
საქართველოში ერთადერთი ლოგოპედური სკოლა თბილისში 45 წლის წინ დაარსდა.