ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრების აღტყინებული გამოსვლები ბიძინა ივანიშვილის კარზე მათ მომლოდინე რეჟიმში ყოფნას უკავშირდება, - ამის შესახებ დღეს, პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ფრაქციის თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართ გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა.
წიკლაურმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს დღეს ფრაქციის თავმჯდომარედ ოფიაცლურად გახდომა მიულოცა და ამ ფაქტს ისტორიულ გადაწყვეტილება უწოდა, რადგან ლორთქიფანიძის არჩევას პეტრე მამრაძის ხელმოწერა "ამშვენებს".
"მამრაძის ხელმოწერა კარგი ლოცვა-კურთხევაა დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობაში. რაც შეეხება, ფრაქციის წევრების აღტყინებულ გამოსვლებს, ეს ბიძინა ივანიშვილის კარზე მათ სამარცხვინო მომლოდინე რეჟიმში ყოფნას უკავშირდება", - აცხადებს წიკლაური.
ამასთან, უმრავლესობის წევრი ეჭვობს, რომ ფრაქციის ეგზალტირებული და აბობოქრებული გამოსვლები მათ ფრაქციას ან ზოგადად პარლამენტარიზმს რამეს სძენდეს.
"ბატონო ჯონდი, ისეთივე მაღალი რომ ყოფილიყავით, როგორც თქვენი ხმის ტემბრი, თქვენი ფრაქცია არ აღმოჩნდებოდა სამარცხვინო მომლოდინე მდგომარეობაში, რათა რაღაც მოიპოვოთ იმ ძალიან ცნობილი შუშის სასახლიდან, რომელსაც ასე შეტრფით თქვენ და ამით არის გამოწვეული ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება თქვენი მხრიდან", - მიმართა ბაღათურიას წიკლაურმა.