დღეს, 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ქუთაისს ესტუმრება.
დავით ბაქრაძე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვას დაესწრება და მის საძვალეს მიაგებს პატივს.
ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქის ცენტრალური მოედნისა და ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენას - "ქუთაისელები ქუთაისისთვის" - დაათვალიერებს და სტუდენტებს შეხვდება.
დღის ბოლოს კი, პარლამენტის თავმჯდომარე ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელ, გიორგი უშიკიშვილის კონცერტს დაესწრება.