"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას მიხეილ სააკაშვილის პროექტს უწოდებს. როგორც ბურჯანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოში გარკვეულწილად ისეთი პროცესები განვითარდა, როდესაც ცალკეული ოპოზიციის ქმედებები სააკაშვილის წისქვილზე ასხმამდა წყალს.
"2009 წლის მოვლენების დროს ასიათასობით ადამიანი ქუჩაში იყო გამოსული და კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ არაფერზე მოლაპარაკება არ ყოფილიყო გარდა ხელისუფლების წასვლისა და შეცვლისა. ამ დროს, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ალასანიას ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკებებზე უნდა წასულიყვნენ. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც ასიათასობით ადამიანი სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, ალასანია დათანხმდა არა საპარლამენტო არჩევნებს, არამედ ადგილობრივ არჩევნებს იმ დაპირებით, რომ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებს მოიგებდა ოპოზიცია, თუმცა რით დამთავრდა ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ეს იყო პირველი ფაქტი, რომელმაც სააკაშვილს ჩამორეცხა არადემოკრატიული ხელისუფალის იმიჯი, რომელიც მას უკვე იმ პერიოდისთვის ჰქონდა. როდესაც ოპოზიცია წავიდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე და გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიულოცა ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ეს იყო დასაწყისი სააკაშვილის რეაბილიტაციის, რომელიც დღემდე გრძელდება. შემდეგ იყო ვითომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი, როდესაც ჩვენ რეალურად მივიღეთ საარჩევნო გარემოს გაუარესება და არა გაუმჯობესება და კატეგორიული გამორიცხვა თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვის. ყველა ამ პროცესებმა სამწუხაროდ იმუშავა სწორედ სააკაშვილის სასარგებლოდ, სწორედ სააკაშვილის გაძლიერების და სააკაშვილის იმიჯის გათეთრების სასარგებლოდ", - განაცხადა ბურჯანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ბურჯანაძის თქმით, რეალური ოპოზიციონერობის პრეტენზია ვისაც აქვს და ვინც თავისთავს რეალურად ოპოზიციონერს ეძახის, მისი ამოცანა უნდა იყოს სააკაშვილის ხელისუფლების და რეჟიმის შეცვლა და არა რეჟიმის ჩანაცვლება და მეორე, მესამე ან მეცხრე ადგილზე გასვლა.
"რაც შეეხება ახლა თამაშობს თუ არა ალასანია სააკაშვილის თამაშს, ვიტყვი, რომ მე ვთქვი ჩემი სათქმელი და ვამბობ იმას რისი თქმის საშუალებასაც მაძლევს კონკრეტული ფაქტები. მე ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი ინტერვიუებით და ჩემი ფიქრის მთავარი თემა ალასანია იყოს. რეალური ოპოზიციონერობის პრეტენზია ვისაც აქვს და ვინც თავისთავს რეალურად ოპოზიციონერს ეძახის, მისი ამოცანა უნდა იყოს სააკაშვილის ხელისუფლების და რეჟიმის შეცვლა და არა რეჟიმის ჩანაცვლება და მეორე, მესამე ან მეცხრე ადგილზე გასვლა. ჩვენ სააკაშვილს პიროვნულად კი არ ვებრძვით, ვებრძვით იმ პრობლემებს, რომელიც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ქვეყანას შეუქმნა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად მარტო სააკაშვილის შეცვლა კი არ არის საკმარისი, ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ შეიცვალოს ის მახინჯი სისტემა რომელიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა, აუცილებელია, რომ რეალურად შეიცვალოს ხელისუფლება და არა ის, რომ თურმე მოლიპარაკება უნდა წარიმართოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზე უნდა გადანაცვლდეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი იყოს. ჯერ ერთი, "ნაციონალური მოძრაობა" გადანაცვლებასთან დაკავშირებით არავის არ დაელაპარაკება, მაგრამ ეგრეც რომ იყოს, თუ მოლაპარაკების საფუძველზე უნდა გადავიდეს ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზე, როგორც ეს ალასანიამ თავის ბოლო ინტერვიუებიდან ერთ-ერთში თქვა, ეს გარიგებაა ხელისუფლებასთან და სხვა არაფერი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.