რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და ის „საქმიანი და კონკრეტული“ იყო.
როგორც უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, , ტრამპმა კვლავ მოუწოდა პუტინს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი უკრაინაში. პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტი დაარწმუნა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების მზადყოფნაში, მაგრამ ამავდროულად განაცხადა, რომ “უკან არ დაიხევს მიზნებისგან, რომლებიც უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას“ უკავშირდება
უშაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების სტამბოლის ფორმატი ორმხრივი დარჩება. პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებების მესამე რაუნდის კონკრეტული თარიღები არ განუხილავთ.
უშაკოვის თქმით, მხარეებს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შეჩერების საკითხი არ დაუყენებიათ.
გარდა ამისა, პუტინმა და ტრამპმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სხვა თემები. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან მოახერხა სკანდალური ბიუჯეტის კანონის კონგრესში გატანა.
რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ლიდერებს შორის პირადი შეხვედრის შესაძლებლობის საკითხი არ განხილულა, თუმცა, როგორც უშაკოვი ამტკიცებს, „ეს იდეა ჰაერშია გამოკიდებული“.