სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალაქ რუსთავში, მე-12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა სასეირნო სივრცეები, სამედიცინო ნაწილი, დეესკალაციის ოთახები და სამარტოო საკნები. მათივე ცნობით, დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბრისას სახალხო დამცველმა პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ და სასწავლო პროგრამებს მსჯავრდებულთა ჩართულობის კუთხით.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციითვე, ლევან იოსელიანი გაესაუბრა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, მოინახულა და გაესაუბრა მე-12 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე.
„სახალხო დამცველის და აპარატის თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.