"ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უმდიდრესი კაცი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა ლითონისა და მინის $50 მილიონიან ნაგებობაში, საიდანაც პრეზიდენტის სასახლის გასაოცარი ხედი მოჩანდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ანუ იმას, რაც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საფრთხეს უქმნის, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ მთაზე თავშესაფარი ძალადობრივ ქართულ პოლიტიკაში მას ვერავითარ დაცვას ვერ სთავაზობს", - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Times წერს.
როგორც გამოცემა წერს, მთავრობამ მყისიერად ჩამოართვა ივანიშვილს მოქალაქეობა და ახლა მის ბანკში, ფულის გათეთრების ბრალდებით, გამოძიებას აწარმოებს.
"მისი მხარდამჭერების თქმით, ივანიშვილმა, 44 წლის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 8 წლიანი მმართველობის შემდეგ, ცვლილებების იმედი გააჩინა. ოპონენტები კი იმაში სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთის ავტოკრატული პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტია", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
„ბევრ ჩვენგანს ესმის, რომ ეს ფული და ფინანსური, მორალური, პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი ნომერ პირველი მოსისხლე მტრის მხრიდან, რუსეთიდან მოდის" - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი. „ივანიშვილი მათთვის საქართველოს მთავრობის დამხობის ბოლო ინსტრუმენტია."
ქართულ-რუსული კონფლიქტი სათავეს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან იღებს. მაშინ ორი ქართული ტერიტორია რუსეთის დახმარებით საქართველოს გამოეყო.
სტატიის თანახმად, საქართველოს საზღვრებს მიღმა, 55 წლის ივანიშვილი უცნობ ფიგურად რჩება.
"ღარიბმა სოფლელმა ბიჭმა, დასავლეთ საქართველოდან, ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში, 1990-იანი წლების გიჟური პრივატიზაციის პროცესში შეიძინა. ის ყიდულობდა და ყიდდა ფირმებს და აყალიბებდა საბანკო და სამთო საქმის იმპერიას. მისი ქონება $5.5 მილიარდ დოლარს უდრის, რაც საქართველოს მშპ-ს დაახლოებით ნახევარია. ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ნუსხაში მას 185-ე ადგილი მიაკუთვნა. ის რუსეთიდან საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა, პოლიტიკას თავს არიდებდა და ქველმოქმედებაზე იყო კონცენტრირებული. ორი თვის წინ მან ღია წერილები გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილს დესპოტურ ქცევაში დასდო ბრალი. ის მიუთითებდა იმაზე, რომ ქვეყნის სამაუწყებლო მედია სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა და ქვეყნის პარლამენტში ერთი პარტია დომინირებს. ახლა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ აქვს მზერა მიმართული, პოზიციისკენ, რომელიც ბოლო კონსტიტუციური ცვლილებებით განამტკიცეს. სააკაშვილმაც შეიძლება მოინდომოს ამ თანამდებობის დაკავება. მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება და მას კონსტიტუციით ეკრძალება კიდევ ერთხელ თანამდებობაზე მოსვლა", - აღნიშნულია სტატიაში.