ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, 12-დღიანი ომის დაწყებაში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულოს და ამ ქვეყნებს მიყენებული ზარალის კომპენსაციის გადახდა დააკისროს.
ამის შესახებ The Guardian ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვთ, რომ უშიშროების საბჭომ ისრაელის რეჟიმი და შეერთებული შტატები აღიაროს ამ აგრესიის აქტის დამნაშავეებად და აღიაროს მათი მუდმივი პასუხისმგებლობა, მათ შორის კომპენსაციისა და რეპარაციების გადახდა,“ - აღნიშნულია არაღჩის წერილში.
ირანის მოთხოვნაზე აშშ-სა და ისრაელს ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუციათ.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 13 ივნისიდან ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 627 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 28 ადამიანია დაღუპული.