"საქართველოს გზა" საკანონმდებლო მაცნესთვის ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორების უფლების მიცემას აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა.
"გრძელდება ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ტრადიცია, როდესაც საქართველოს მთავრობა ჯერ იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს და შემდეგ შესაბამისობაში მოჰყავს ამ გადაწყვეტილებებთან ახალი კანონები. ამის დასტურია 29 დეკემბერს მიღებული კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ დაამტკიცა, კერძოდ კი, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილი გახდა განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომების რომელიც არ ცვლის ნორმატიული აქტის შინაარსს", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კანონის რედაქციული შესწორება მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებად უნდა დარჩეს, რომელიც ხორცილდება პროექტის მესამე მოსმენისას.