დღეს, 28 დეკემბერს, ქუთაისში, მეფეთუბანში, გაიმართება "ქართული ფუტკრის" I ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფესტივალი ტარდება ქუთაისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის მხარდაჭერით. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში.
ფესტივალის "ქართული ფუტკარი" ფარგლებში მოხდება თაფლის სხვადასხვა სახეობის (წაბლის, აკაციის, ალპური და ა. შ.) და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების: ფუტკრის რძე, შხამი,თაფლის სანთელი გამოფენა-გაყიდვა. ცალკე სტენდი დაეთმობა აპითერაპიას (ფუტკრის შხამისა და მისი პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენება).
ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა გასართობ და სანახობრივ ღონისძიებას: თოჯინების თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს "სათაფლიის ზღაპარი". ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საბავშვო საესტრადო ანსამბლები: "ოცნება", "ქუჩის ბალეტი", მოძრავი ბერიკული თეატრი, ერთი მსახიობის თეატრი და ფოლკლორის სასახლე. ფესტივალი "ქართული ფუტკარი" დასრულდება დიდი გოზინაყის დამზადება-დაგემოვნებით.
"ქართული ფუტკრის" ფესტივალი ქ. ქუთაისში გახდება ტრადიციული და ის ყოველწლიურად გაიმართება.