2012 წლიდან, სხვადასხვა სამიზნე ქვეყანაში საქართველოს ტურისტული წარმომადგენლობები გაიხსნება. დაგეგმილია ასევე, რამდენიმე ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა, მათ შორის არქეოლოგიური ტურიზმის, გასტრონომიული, ეთნოგრაფიული, სამთო; სამთო-ველოტურიზმის და სხვა. 2012 წელს ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმება ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მაისში საქართელო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 54-ე შეხვედრას უმასპინძლებს.
თუმცა მანამდე, როგორ ფასდება 2011 წელი და კიდევ რა დარჩა გასაკეთებელი ტურიზმში - "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია სიდამონიძე პასუხობს.
- ქალბატონო მაია, თუ შეიძლება 2011 წელი შეაჯამეთ, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ტურისტული სექტორი და რა პრობლემების გადაწყვეტა მოხერხდა 2011 წელს?
- წინა წელთან შედარებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2011 წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ჩვენი მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიცირება მოხდა და არ ვართ დამოკიდებული კონკრეტულ ქვეყანაზე, რასაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო სავიზო რეჟიმების გამარტივებამ და ასევე პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ. იმავდროულად, გატარდა ინტენსიური მარკეტინგული ღონისძიებები. მრავალფეროვანი გახდა ასევე ჩვენი ტურისტული პროდუქტები და მოხდა ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება ალპინისტურ და სათავგადასავლო ტურიზმში. Sky და ღვინის ტურიზმში მოხდა GPRS სისტემაზე ატვირთვა და მარკირება. მეორე მხრივ, გაკეთდა ახალი საფეხმავლო მარშუტები და ბილიკები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2011 წელს განათლების სამინისტროსთან ერთად მივიღეთ პროფესიული სასწავლებლების სტანდარტები. წელსვე, მნიშვნელოვანი პროექტები იყო ახალი ტურისტული კურორტების შექმნა, როგორიცაა ანაკლია და მესტია.
- სულ მესმის, რომ გაიხსნება ახალი კურორტები, აშენდება და გაიხსნება ახალი სასტუმროები, ბაზარზე გაიზრდება კონკურენცია და ამის შემდეგ ბაზარზე დაიწევს ფასები. ბოლო პერიოდში ბევრი ახალი სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა მომსახურეობის ფასი არ იკლებს.
- მოთხოვნა არის მზარდი და როდესაც კერძო სექტორს გარანტირებული აქვს ბიზნესი ამას ხშირ შემთხვევაში იყენებენ იმისთვის, რომ გაზარდონ ფასები. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბაზარზე კონკურენცია იზრდება და ეს არის მრავალწლიანი პროცესი, რაც გამოიარეს სხვა ქვეყნებმაც და ეს საქართველოშიც მოხდება. უბრალოდ, დღეს არა მხოლოდ მზარდი ფასებია პრობლემა, არამედ პრობლემაა ის, რომ ჩემი აზრით, ფასები არ არის შესაფერისი არსებულ სერვისთან. გვინდა, რომ მომავალი წლიდან კერძო სექტორთან ვიმუშაოთ ინტენსიურად და დავეხმაროთ მათ, რომ თავიანთი მომსახურეობა დახვეწონ.
- როდესაც ვსაუბრობთ ტურისტების ზრდის ტემპზე, როგორ მიგაჩნიათ, ევროპის კრიზისის ფონზე, ზრდა 2012 წელსაც გაგრძელდება?
- რა თქმა უნდა, არსებობს გარე ფაქტორები, რომელთა კონტროლი ჩვენ არ შეგვიძლია და ევროპის კრიზისი არის ერთ-ერთი ფაქტორი. ვფიქრობ, რომ საქართველოს არის ახალი მიმართულება ძალიან ბევრისთვის და ხალხი, რომლებსაც მოვლილი აქვთ ევროპის ქვეყნები ისინი უფრო იზრუნებენ იმაზე, რომ აღმოაჩინონ ახალი ქვეყნები და საქართველოში, რაც არ უნდა მაღალი ფასები იყოს ადგილობრივებისათვის, მაინც იაფიან ქვეყანად ითვლება უცხოელებისათვის. ვფიქრობ, რომ საქართველოში ბევრი ახალი ბაზრებიდან ჩამოვლენ ტურისტები.
- თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ბრენდებთან, საქართველოში შემოსაყვანად?
- მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც ახალ სასტუმრო ბრენდებთან, ასევე - ავიაკომპანიებთან. ასევე, არიან ახალი ტურისტული კომპანიები, რომლებიც, შესაძლოა, შემოვიდნენ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში ვართ, დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ.
- 2012 წლისთვის სამიზნე ბაზრებად მოიაზრაება ირანი და ისრაელი. რა კეთდება ტურისტული ნაკადის გასაზრდელად?
- ირანი ჩვენთვის ახალი ბაზარია და მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ, დღეს ირანელი ტურისტები მეოთხე ადგილზე არიან. ზრდა კი განაპირობა პირველ რიგში სავიზო რეჟიმის გამარტივებამ. მეორე მხრივ, ხორციელდება რეგულარული და ჩარტერული რეისები. თანაც ირანი ძალიან ახლოსაა და ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 2 საათია. იგივე სიტუაციაა ისრაელის მიმართულებითაც. უკვე მეორე წერია, რაც ებრაელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
- საინტერესოა, რომ ტურიზმის ეროვნული სააგენტო და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტების სტატისტიკას სულ სხვა მეთოდოლოგიით აღრიცხავს. რატომ ხდება ასე? საბოლოო სტატისტიკური ინფორმაციის შეჯერებისას ინფორმაცია ერთნაირია თუ არა?
- ჩვენი სტატისტიკური მეთოდოლოგია დაფუძნებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიაზე. რა თქმა უნდა, სტატისტიკა 100 პროცენტით ზუსტი არ არის. არის გარკვეული ცდომილებები, თუნდაც იმიტომ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა დიდია. თუმცა მეორე მხრივ, ეს არის მეთოდოლოგია, რომელსაც მსოფლიოში ყველა ენდობა. რაც შეეხება აჭარის სტატისტიკურ მეთოდოლოგიას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგანაც არ ვიცი თუ რა მეთოდოლოგიას მიყვებიან.
- აჭარაში ტურისტების აღრიცხვა სასტუმროს, სასტუმროს ტიპის სახლებისა და სხვა გასაჩერებელი ადგილებში ტურისტების გაჩერების მიხედვით ხდება?
- იცით რა, არსებობს ეგეთი მეთოდებიც. როდესაც არ არის იმდენი რესურსი, რომ მასშტაბური კვლევები გააკეთო. არსებობს ასევე სტატისტიკა - აწარმოო დარეკვით, რაც აბსოლიტურად მისაღებია.
- თუ არის დადგენილი რა იზიდავს საქართველოში უცხოელ ტურისტს და რა ადგილობრივ ტურისტს. რამდენს ხარჯავს ადგილობრივი ტურისტი და რამდენ ხარჯავს უცხოელი ტურისტი.
- უცხოელი ტურისტების მხრიდან დარჩენის საშუალო პერიოდი არის 8 დღე და ისინი დღეში საშუალოდ 500 დოლარს ხარჯავენ. დსთ-ის ქვეყნების ტურისტებს აინტერესებთ საზღვაო და სამთო-სათხილამურო კურორტები, ევროპელები ძირითადად სამთო ტურებით ინტერესდებიან. მათ აინტერესებთ ასევე ღვინის და სხვა სპეციფიკური ტურები, კულტურული და სათავგადასახავლო ტურიზმი. რაც შეეხება ქართველ ტურისტებს, ვცდილობთ, რომ დავაინტერესოთ. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე