საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მოსკოვში საქართველოს სექციასთან დაკავშირებით მდგომარეობა უცვლელია. მისი თქმით, სექცია ამ დროისთვის კვლავ ვერ ფუნქციონირებს.
"რუსეთის მხარე ამ პრობლემას განიხილავს კერძის სამართლებრიც საკითხად, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოთაშორისო საკითხია, რომლის მოსაგვარებლად კონსულტაციებია აუცილებელი. შვეიცარიელი შუამავლების საშუალებით რუსულ მხარეს არაერთხელ შევთავაზეთ კონსულტაციების დაწყება, თუმცა მათ ამაზე მზადყოფნა არ გამოთქვეს. დაველოდებით კიდევ ცოტა ხანს და შემდეგ უკვე საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, 2011 წლის 17 აგვისტოს 10:40 საათზე ოსტოჟენკოს ქუჩა N 26/1-ში მდებარე შენობაში განთავსებულ საქართველოს ინტერესების სექციას მეორედ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც სექცია იძულებული გახდა შეეჩერებინა მოქალაქეთა საკონსულო მომსახურება.
მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ 18 აგვისტოს სააქციო საზოგადოება "ოსტოჟენკის ბიზნესცენტრის" საარჩელი დაარეგისტრირა, რომლითაც მისი კუთვნილი შენობიდან საქართველოს ინტერესების სექციის გამოსახლებას ითხოვს. ასევე, მოსარჩელე ქართველი დიპლომატებისგან დაგროვილი დავალიანების გადახდას მოითხოვს.