მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა ვიმყოფებოდე ჩემს მოძმე საქართველოში და შევხდე პრეზიდენტ სააკაშვილს. ამის შესახებ დღეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა.
"მინდა მივესალმო მას და მადლობა გადავუხადო გულთბილი დახვედრისთვის. ჩვენი ყოველი ვიზიტი, მათ შორის, დღევანდელი, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. მსურს ასევე დავადასტურო ორ ერს შორის განსაკუთრებული მეგობრობა და ურთიერთპატივისცემაა. ჩვენი ურთიერთობა წელს კიდევ უფრო გააქტიურდა და ბევრად ინტენსიური გახდა", - განაცხადა სარგსიანმა.
მისი თქმით, ის დიდად აფასებს და ეთანხმება სააკაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში ორი ქვეყნების ურთიერთობაში ახალი დინამიკა შეინიშნება.
"ჩვენ გვქონდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, საკანონმდებლო და საზღვრების უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, ასევე ვთანამშრომლობთ თავდაცვის სფეროში. ყოველივე ეს გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ ბათუმში გაიმართა მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-9 სხდომა, რომელშიც ჩვენი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ. დღეს, ამ ვიზიტის ფარგლებში, სხვა მრავალი ღონისძიება დავგეგმეთ და ორმხრივ ფორმატში ბევრი სამუშაო შესრულდება", - განაცხადა სარგსიანმა.
მისი თქმით, დღეს გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და უმაღლეს დონეს მიაღწია.
"დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შეთანხმებას, რომელიც თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სფეროებში ითვალისწინებს. ასევე, ვცდილობთ, რომ პარტნიორული ურთიერთობა ავაგოთ ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებს შორის. ჩვენი ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება და კიდევ მრავალ საკითხთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ", - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.