ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიციით, ევროპა არ გაუღებს კარს საქართველოს თუ შრომის კოდექსი ისეთი იქნა, როგორიც დღეს არის. ეს განცხადება გურამ ჩახვაძემ პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს გამოსვლისას გააკეთა. მისი განცხადებით, სანამ მშრომელი ადამიანის გაფიცვა კრიმინალად იქნება აღქმული, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წარმატებაზე საუბარი.
ჩახვაძის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროსაბჭოში სადაც არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევისა და დასაქმების პოლიტიკის რაიმე სისტემა.
"სამწუხაროდ, დოკუმენტი ახალ არაფერს გვთავაზობს თუ არა ყბადაღებულ ას დოლარიან დაპირებასა და სოციალურ ნიველირებას. ამიტომ გთავაზობთ გადავიდეთ ცივილიზებულ დაგროვებით საპენსიო მოდელზე რომელიც დაფუძნებულია როგორც სოციალურ სამართლიანობაზე ასევე ფინანსურ ეფექტიანობაზე" - განაცხადა ჩახვაძემ.
ედპ-ის წევრის თქმით, ზედმეტია საუბარი ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე თუ ბიზნესი რეალურად თავისუფალი არ გახდა როგორც სახელმწიფო ასევე პოლიტიკური ჩარევისაგან.
მისი თქმით, ასევე თავისუფალი მეწარმეობაა შეუძლებელი კონკურენტული გარემოს არსებობის გარეშე, რის გაგებასაც მთავრობამ ექვსი წელი მოანდომა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გააცნობიერა.
ჩახვაძის შეფასებით, საქართველოს ევროპული არჩევანი სრულყოფილი ანტიმონოპოლიური კანონისა და სააგენტოს გარეშე შეუძლებელია.