მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლოდინი შესაძლოა დასრულდეს, რადგან თბილისმა აჯანყებულ რეგიონებთან დაკავშირებული მოთხოვნები შეარბილა. ამის შესახებ The Guardian წერს. სტატიის ავტორ მირიამ მელდერი მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს 18 წლის მცდელობის შემდეგ, მოსკოვი საბოლოოდ მიუახლოვდა წარმატების ზღვარს და ის შეიძლება გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) მას შემდეგ, რაც საქართველომ შეწყვიტა მოსკოვის წევრობის მიმართ მისი ხანგრძლივი წინააღდეგობა.
"რუსეთი ერთადერთი მსხვილი სავაჭრო სახელმწიფოა, რომელიც ვმო-ს მიღმაა დარჩენილი, რაც ქვეყნისთვის, რომელიც თავს წამყვან ეკონომიკად მიიჩნევს, ერთგვარი უხერხულობის წყაროა. საქართველოს წინააღმდეგობა ის ბოლო დაბრკოლება იყო, რაც ხელს უშლიდა რუსეთის გაწევრიანებას - პოლიტიზებული პოზიცია, რომელიც თბილისმა ორ ქვეყანას შორის სამხრეთ ოსეთის ირგვლივ გაჩაღებული ომის შემდეგ დაიკავა", - აღნიშნულია სტატაშია, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, ხუთშბათს თბილისმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა შვეიცარელი შუამავლების კომპრომისულ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორიგის დაწესებას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სადაო საზღვრებზე. საქართველოს ეს ორი გამოყოფილი რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ახლა ეს წინადადება რუსეთმა უნდა გაიზიაროს.
„დღევანდელი დღიდან, საქართველოს გადმოსახედიდან, რუსეთის ფედერაციას შეუძლია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდეს იმ პირობით, რომ ამ წინადადებას ისიც დათანხმდება", - განაცხადა საქართველოს მთავრობამ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში მან დასძინა, რომ ის „სრულად აცნობიერებდა იმას, რომ ეს მოლაპარაკებები არ იყო შესაფერისი ადგილი რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციის აღსაკვეთად".
"რუსეთი მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ამ წლის ბოლომდე იმედოვნებს. მსო-ს მინისტერიალის ჩატარება დეკმებრისთვის იგეგმება. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ შეთანხმება შესაძლოა მომავალ წლამდე გადაიდოს და ის მაშინ გაფორმდეს, როდესაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდება. მოსკოვი დღემდე სერიოზულ წინააღმდეგობას ხვდება იმ ძალებისგან, რომლებსაც რუსეთის მსო-ში გაწევრიანება არ სურთ და რომლებიც მხარს უჭერენ ნაციონალისტურ და პროტექციონისტულ ზომებს. გასულ კვირაში პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „ჩვენ გადავიტანთ" იმას, თუკი ამ სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მრავალწლიანი მცდელობა ჩაიშლება", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა გასულ კვირაში დაასრულეს მოლაპარაკებები რუსეთის გაწევრიანებაზე.
მოსკოვმა ვმო-ში წევრობაზე პირველი განაცხადი 1993 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე წარადგინა.