ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა "ვაჟა-ფშაველა 150'' გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის გამოცხადებული „ვაჟას იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის" ფარგლებში ხორციელდება.
ექსპოზიციაზე ვაჟას ცნობილი ლექსებისა და პოემების, მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ავტოგრაფები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდებში დაცული ფოტომასალა და თანამედროვე კალიგრაფების მიერ შესრულებული ვაჟას ნაწარმოებები გამოიფინა.
გამოფენის მიზანია ვაჟა-ფშაველას საიუბილეო - 150 წელთან დაკავშირებით თემის აქტუალიზიცია, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვაჟა-ფშაველას ავტოგრაფებისა და მასთან დაკავშირებული საარქივო მასალის წარდგენა საქართველოს მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
ცნობისთვის, გამოფენა ოთხ დღეს გასტანს და 28 ოქტომბერს დასრულდება.