მეორე დღეა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინისა და კულინარიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება.
სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კულინარული დუეტი, მიშელინის ორი ვარსკვლავის მფლობელი ცნობილი მზარეული კლოდ ბოსი და ასევე ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი.
დღეს, 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ღვინისა და ღვინოსთან ასოცირებული ქართული პროდუქტის გამოფენა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობენ ქართული ღვინის მწარმოებლები; ღვინოსთან ასოცირებული საკვები პროდუქტების მწარმოებლები (ქართული ყველი, თაფლი, პური, ჩურჩხელა, ჩირი; ღვინოსთან ასოცირებული სუვენირების მწარმოებლები; ქართული რესტორნის ქსელები. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
"ქართული ღვინისა და კულინარიის დღე" 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე სასტუმრო Holiday Inn-ში საქველმოქმედო ვახშმით დასრულდება. საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გამარჯვებული კონკურსანტის სტაჟირებას ლონდონში - რესტორან "ჰიბისკუსში".