"საქართველოში ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაციამ დაგვანახა, რომ რუსეთს ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს, რომელსაც შეუძლია მოუაროს ნებისმიერ ძალას და მას პასუხი აგებინოს". ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს მომხრეებთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ერთ -ერთმა მონაწილემ, რომელიც საქართველოს ოკუპაციაში იღებდა მონაწილეობას მედვედევს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას ეჭვიც არ შეპარვია იმაში, რომ ბრძანების მიღების შემდეგ უკანდახევა არ იქნებოდა.
მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის იოლი მისაღები არ ყოფილა.
"ყველა ადამიანს, პოლიტიკოსსა და პრეზიდენტს კიდევ აქვს ემოციები, რომელთა დამალვაც ხანდახან ძნელია. ჩემთვის კი, რაც მაშინ ხდებოდა, როგორც ახალგაზრდა ხელმძღვანელისათვის, ძალიან მძიმე გამოცდა იყო" _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ იგი ძალიან ბევრჯერ ახდენდა იმ სიტუაციაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზს.
მისივე თქმით, "ეს სიმძიმე, ასეთი სახის გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმე, ყოველთვის მხოლოდ ერთ ადამიანს ადევს... იქ რაც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ იმ ადამიანს დაადანაშაულებენ მერე ყველაფერში ან მადლობას ეტყვიან".
"აი თქვენ მე მითხარით ახლა: "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უმაღლეს მთავარსარდალს არ ელაჩრა და უკან არ დაეხია და არ მეთქვა, კაი ბიჭებო, ამა ყველა ყაზარმებში. დაიღუპა ხალხი და არაფერს, ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ, იმიტომ, რომ შემდეგ მე გაეროში ჩასვლა და კოლეგებთან ჩასვლა გამიჭირდება. მე კი თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რაც თქვენ მაშინ გააკეთეთ. მრავალმა იქ გმირობა ჩაიდინა და სამწუხაროდ, მათი მეგობრების ნაწილი სახლში ვერ დაბრუნდა", _ განაცხადა მედევდევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი მძიმე სიტუაციიდან ყველამ გაკვეთილი მიიღო, ხოლო "რუსეთი ამ კონფლიქტიდან ღირსეულად გამოვიდა".
"არც ერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელს, არც რუსეთის, არც საქართველოს და საერთოდ ნებისმიერი სახელმწიფოს არც ერთ ხელმძღვანელს ამ პლანეტაზე არ ვუსურვებ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც ისინი უნდა მიიღო მათთვის მზად უნდა იყო", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ხელმძღვანელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, "საქართველოსათან კონფლიქტის დროს კი რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ჩვენი მოქმედებები სამართლიანი, მოტივირებული და გონივრულია".