საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ყვარელში, ვენახში იმყოფებოდა. რთველზე სასაუბროდ პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის გუბერნატორი და რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჰყავდა მიწვეული.
სააკაშვილმა ბაკურ კვეზერელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყურძნის მოსავლის აღება-დაბინავებისა და ღვინის ბაზრის გაფართოების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კარგად ესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც საწვავის გაძვირებას, სარწყავ წყალს, შეწამვლას უკავშირდება.
"საწვავის გაძვირების გამო ბევრი რაღაც გაძვირდა, მაგრამ ამავე დროს იმ პირობებში როდესაც მეტი მოსავალია, განსაკუთრებით თუ უფრო მეტი ნაკვეთია, იმას უფრო მეტი მოსავალი აქვს. ეს ყველაზე მეტად ურტყავს მცირე მიწიანებს", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თან პრობლემა იმაშია, რომ ღვინის ქარხნებმა თავისი ვენახები მოაშენეს და სულ უფრო ძნელი ხდება ჩვეულებრივი ადამიანისთვის ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარება.
"წელს ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა, მაგრამ მომავალ წლებზე რაღაც სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ - ხელი უნდა შევუწყოთ მცირე წარმოებების განვითარებას, იმიტომ, რომ ვისაც პატარა ვენახი აქვს, მას შემოსავლის რაღაც წყარო უნდა ჰქონდეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.