აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ტრამპის განცხადება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, ნატო-მ უნდა დააფინანსოს, ეხებოდა უკვე არსებულ ერთ-ერთ მექანიზმს - ევროპელი მოკავშირეების მიერ ამერიკული იარაღის შეძენას შემდგომი კიევისთვის გადაცემის მიზნით.
როგორც ცნობილია, ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაფაროს უკრაინისთვის ამერიკული დახმარება.
ამასთან დაკავშირებით რუბიომ აღნიშნა, რომ საქმე არ ეხებოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების რაიმე ახალ სქემას, არამედ სამხედრო მიწოდების უკვე არსებულ ერთ-ერთ ვარიანტს.
რუბიოს განმარტებით, ეს გულისხმობს ევროპული ქვეყნების მიერ შეერთებული შტატებისგან იარაღის შეძენას და შემდეგ უკრაინაში მის გადაცემას
„უკრაინისთვის საჭირო ზოგიერთი სისტემა ევროპის მიერ არ არის წარმოებული. მათი შეძენა აშშ-ში იქნება საჭირო. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინისთვის საჭირო მთელი რიგი თავდაცვითი იარაღი ხელმისაწვდომია ჩვენი ნატო-ს მოკავშირეებისთვის... ზოგიერთმა უკვე გააკეთა შეკვეთა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე მოუწოდებს მოკავშირეებს, საჭირო იარაღი უკრაინაში მათი მარაგებიდან გადაიტანონ და შემდეგ შეერთებული შტატებისგან შემცვლელი შეიძინონ.
„გაცილებით სწრაფია რაღაცის ტრანსპორტირება, მაგალითად, გერმანიიდან უკრაინაში, ვიდრე ქარხნისთვის შეკვეთა და მიწოდებისთვის დალოდება.
ამგვარად, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე განსხვავებული მიდგომა არსებობს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა ევროპაში არსებობს რესურსები, რომელთა გადატანა შესაძლებელია უკრაინაში, შემდეგ კი ევროპელებს სანაცვლოდ შეუძლიათ შეიძინონ [იარაღი] შეერთებულ შტატებში. ეს ერთ-ერთი ასპექტია, რომელზეც, ვფიქრობ, პრეზიდენტმა გუშინ ისაუბრა“, - თქვა რუბიომ.