უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის სატელიტური კავშირის ტერმინალებისთვის დაწესებული სიჩქარის შეზღუდვა კვლავ მოქმედებს.
„Starlink-ისა და Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვები კვლავ ძალაშია, სიჩქარე აღდგენილი არ არის, ხოლო რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტების მიწოდება კვლავ ჭიანურდება.
ველოდებით ჩამჭრელ რაკეტებს, რომელთა მოწოდებაზეც უკვე შევთანხმდით, თუმცა ჯერ კიდევ არ მიგვიღია. იმედი გვაქვს, რომ ისინი უკვე გზაშია. ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან რუსეთის თავდასხმები თითქმის ყოველდღე ხდება - რუსეთი მასშტაბურ დარტყმებს ახორციელებს. ასეთია ვითარება დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ვითარება იმ ფონზე გრძელდება, როდესაც უკრაინა ფრონტზე წარმატებულ ოპერაციებს ატარებს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სურს, შეერთებულ შტატებთან და ყველა სხვა პარტნიორთან უკრაინის ურთიერთობები მაქსიმალურად მტკიცე იყოს.
„ამერიკის გარეშე, ძლიერი ამერიკის გარეშე, რომელიც ზრუნავს იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, დღეს მსოფლიო უდავოდ უარესი იქნებოდა. ადამიანები კითხულობენ, რატომ მიმართავს უკრაინა მსოფლიოს სულ უფრო ღიად და პირდაპირ.
პასუხი მარტივია: გვინდა, რომ ადამიანებმა გაგვიგონ და მე სწორედ ადამიანებს, საზოგადოებებს, ხალხებს ვგულისხმობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რა ხდება სინამდვილეში, პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ, უფრო მტკიცე კურსი აირჩიონ - ისეთი, რომელიც რეალურად დააახლოებს მშვიდობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.