დღეს, 27 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ფოლკლორის საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, ქართული ხალხური ცეკვის ფორმების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე , ქართული ხალხური ცეკვის ფორმებს ისრაელში მოქმედ ანსამბლ "ბერშევას" გადასცემენ.
ცერემონიალს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ორივე სამინისტროს წარმომადგენლები, ანსამბლის წევრები და ქართული კულტურის მე-15 საიუბილეო ფესტივალის „ჩვენებურების" ორგანიზატორები დაესწრებიან.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ 2010 წლის 23 მარტს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია ქართული დიასპორისთვის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, პერიოდულად სხვადასხვა კულტურული პროექტის განხორციელება. გარდა ამისა, პროგრამა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კულტურის სამინისტროს მიერ უცხოეთში არსებული ქართული ანსამბლების საჭირო აღჭურვილობით მომარაგებას ითვალისწინებს (ქართული, ნაციონალური ჩოხები, კაბები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ატრიბუტიკა ანსამბლების წევრთათვის).
ფოლკლორის საპრეზიდენტი პროგრამის ფარგლებში გასულ წელს, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი 13 ქართული ფოლკლორული ანსამბლი აღიჭურვა.