პაატა ბურჭულაძემ სახელი გაითქვა თავისი ხმის ძალით. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საოპერო მომღერალია, რომლის ხმაც ვენიდან ნიუ იორკამდე საოპერო თეატრებში ჟღერდა, თუმცა დღეს მისი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ამ ხმის ჩახშობას და მას შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში ამყოფებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
„რა არის მისი დანაშაული? ის, რომ გაბედა ხმის ამაღლება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილქვეშ მყოფ, ბელარუსის ტიპის რეჟიმად გადააქციოს. თუმცა, პაატა მარტო არ არის. ქართველების 80 პროცენტს კვლავ ევროპული მომავალი სურს. თითქმის ორი წელია, ისინი ამისთვის ქუჩებში გამოდიან“, – აღნიშნა ტობიას კრემერმა.
მან ევროპარლამენტარებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით დადგნენ.
„მასწავლებლები, ექთნები, მუშები, ხელოვანები ყოველდღე, დღე და ღამე, ხმას იმაღლებენ. კარგად იციან, რომ ამის გამო, შესაძლოა, სცემონ, თავს დაესხან ან დააპატიმრონ, როგორც პაატა ბურჭულაძე ან მზია ამაღლობელი. მიუხედავად ამისა, ისინი არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, ნურც ჩვენ ვიტყვით უარს მათ მხარდაჭერაზე და დავდგეთ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გვერდით. დავუწესოთ მიზნობრივი სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ამ რეჟიმზე ზეწოლა იქამდე, ვიდრე პაატას და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.