20 ნოემბრის საღამოს რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი რიჰის ცენტრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.
დარტყმის შედეგად დაიღუპნენ სასწრაფო დახმარების მედიკოსი და 7 წლის ბიჭი. დაშავდა 47 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 7 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად რესტორნის საბავშვო მოედანზე თამაშობდა.
დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჯას განცხადებით, თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და საავადმყოფო დაზიანდა.
დნოპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ მიკოლა ლუკაშუკმა განაცხადა, რომ .ქალაქში ასევე დაზიანდა რესტორანი, ავტოფარეხები და ავტომობილები.
კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ოლექსანდრ ვილკულის ცნობით, სამაშველო ოპერაციის დაწყების შემდეგ მედიკოსების, მაშველებისა და ქალაქის სამსახურების თანამშრომლების მიმართულებით, რუსებმა კიდევ სამი დრონი გაუშვეს.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულებები და სასწრაფო დახმარების ავტომობილები. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.