დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანია რუსეთისთვის მკაფიო და ძლიერი სიგნალის გაგზავნას აპირებს და ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს აძევებს.
„ჩვენ ღიად ვაცხადებთ: ჩვენთვის ყველაფერი ნათელია და თქვენი ქმედებები გამოაშკარავებულია“, - განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, დანიამ რუსეთის ქმედებების მიმართ მოთმინება დიდი ხნის წინ ამოწურა.
„საპასუხო ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც დანიას შეუძლია, არის ის, რომ უკან არ დაიხიოს და უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ასევე, ლოკეს თქმით, დანია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს.
რასმუსენის განმარტებით, დანია რუს დიპლომატებს სრულად არ აძევებს, რადგან არსებული ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის სახელმწიფოსთან კომუნიკაციის შენარჩუნება კვლავ საჭიროდ მიაჩნია.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ადგილობრივმა სასამართლომ დანიაში მცხოვრებ ორ მამაკაცს უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა.
საბრალდებო აქტის თანახმად, დაკავებულები რუსეთის დაზვერვის დაკვეთით, უკრაინელი რეპერის Kyivstoner-ის მკვლელობას გეგმავდნენ, რომლის კონცერტიც დანიაში სექტემბერში უნდა გამართულიყო. დანიის პოლიციამ ეჭვმიტანილები დაგეგმილ კონცერტამდე დააკავა.