უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს „მეგობარი“ უწოდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, ხომ არ შეიძლება ტრამპის კომენტარი პუტინისთვის უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელების ფაქტობრივ ნებართვად აღიქმებოდეს.
„თუ პუტინზე საუბრობთ... თითქოს ის მეგობარია... რა თქმა უნდა, ის თავს მკვლელად არ მიიჩნევს და საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს. მას ჰგონია, რომ შეუძლია გაგრძელება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინს უკრაინის სრულად განადგურება სურს.
„რა თქმა უნდა, პუტინს როგორ მოიხსენიებს, ეს პრეზიდენტ ტრამპის საქმეა. ჩვენთვის ის მტერია და რა თქმა უნდა, მკვლელია. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც ის მკვლელია, რადგან ის კლავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში კვლავ ყველაზე ძლიერ შუამავლად რჩება.
„აშშ, ალბათ, ყველასთვის ყველაზე ძლიერი შუამავალია, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს, რადგან ვერ ვხედავ, რომ პუტინმა სხვის მოსმენას შეძლოს. ვფიქრობ, პუტინი მზად არის, მოუსმინოს აშშ-სა და ჩინეთს. ჩინეთის მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობის სურვილს ვერ ვხედავთ. აშშ-ს კი, სავარაუდოდ, პუტინზე ზემოქმედების ძლიერი ბერკეტები აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, ჩინეთში შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტრამპი დარბაზში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სახაზინო მდივან სკოტ ბესენტთან ერთად შევიდა. პუტინის დანახვისას ტრამპმა გაიღიმა, მისკენ მიუთითა და თქვა: „ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“. ამის შემდეგ ტრამპმა პუტინს ხელი ჩამოართვა.