აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო ახლა რთული პერიოდი აქვს.
ამის შესახებ ტრამპმა 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, შეთანხმების მიღწევამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არ სურს.
„ამ ეტაპზე უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არ მსურს, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა პუტინს აშშ-ის მეგობრად. ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ აშშ-ის სახელით ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემდა, თუმცა თავად პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
„არ შემიძლია ამერიკის სახელით საუბარი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სინამდვილეში, ეს ურთიერთობა მართლაც შესანიშნავია. მას ბევრი ბირთვული იარაღი აქვს – ბირთვული არსენალის სიდიდით ჩვენ შემდეგ მეორე ადგილზეა. ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინს „ახლა რთული პერიოდი აქვს“.
„ახლა მას რთული პერიოდი აქვს, რადგან ომს აწარმოებს, რომელიც ერთ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ხუთი წელია გრძელდება. ორივე მხარეს ბევრი ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ეს ომი დასრულდება. თუმცა მიმაჩნია, რომ პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ეს ძალიან კარგია“, - დასძინა ტრამპმა.