უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩინეთში ვიზიტმა კრემლის ლიდერს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა.
ამის შესახებ სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მან პუტინს მოუწოდა, რეალობას თვალი გაუსწოროს და უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს, რომელსაც ვერასდროს მოიგებს.
„შენჟენი პუტინის ოცნებებში წარმოდგენილი იალტა არ არის. ამასთან, რუსეთმა, ფაქტობრივად, დაკარგა სახმელეთო ხიდი ნამდვილ იალტასთან, რომელიც ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმში მდებარეობს. დროა, პუტინმა, რეალობას თვალი გაუსწოროს და დაასრულოს ომი, რომელსაც ვერასდროს მოიგებს“, – წერს სიბიჰა.
დღეს, 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტში საუბარია ბირთვულ უსაფრთხოებასა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, თუმცა უკრაინა და ევროპა საერთოდ არ არის ნახსენები.
დეკლარაციის თანახმად, სამმა მხარემ პირობა დადო, რომ სტრატეგიულ სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას შეუწყობენ ხელს.