19 ნოემბერს კიევზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთი დრონი ნიდერლანდების საელჩოს უკან მდებარე შენობას დაეცა, რის შედეგადაც საელჩოს შენობამაც მცირე დაზიანება მიიღო.
ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომ ბერენდსენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ბერენდენის განცხადებით, საელჩოს თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან.
„ვარკვევთ, კონკრეტულად რა მოხდა. ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობაა“, - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ, თავის მხრივ, დაზიანებული საელჩოს ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში კიდევ ერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა დაზიანდა.
სიბიჰამ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის თავდასხმების მკაცრი დაგმობისკენ და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უმკაცრესად დაგმოს რუსეთის თავდასხმები უცხოელ დიპლომატებზე და გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ნიდერლანდელი კოლეგების მიმართ“, - აღნიშნა მან.