დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, უკრაინისთვის 260 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა იუწყება.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, უკრაინა დამატებით 1000-ზე მეტ შორი მოქმედების დამრტყმელ დრონს მიიღებს, რომელთაც 1000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლიათ. დაუნინგ სტრიტის განმარტებით, ეს დაახლოებით ლონდონსა და ბერლინს შორის მანძილის ტოლია.
მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაკეტი მოიცავს მძიმე ქობინებით აღჭურვილ დამრტყმელ დრონებს, რომლებსაც სამიზნის ერთი დარტყმით განადგურება შეუძლიათ. მათი მეშვეობით უკრაინა ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე სამხედრო საწარმოებსა და სხვა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმას შეძლებს.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს საზღვაო, სადაზვერვო და ლოგისტიკური დანიშნულების დრონებს, რათა უკრაინულმა მხარემ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამხედროებისთვის საჭირო მომარაგება უზრუნველყოს.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დახმარების პაკეტის ღირებულების 80%-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოებში დაიხარჯება, რომლებიც უელსში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში მუშაობენ. ეს, თავის მხრივ, დიდ ბრიტანეთში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.