„ქართული ოცნების“ სარჩელი იგივეა, რითაც „პუტჩისტებმა“ გაასამართლეს ზვიად გამსახურდია" - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე, მათ შორის არ უნდა მოხდეს იმ ფაქტების გამოტოვება, რაც ხდებოდა 2003 წლამდე ამ თვალსაზრისით.
ზაზა ბიბილაშვილი: 2003 წლამდე, 1999 წლამდე თუნდაც, იყო თუ არა ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავდა შს მინისტრი, რომელიც თავის ხელით ხვრეტდა ადამიანებს ქუჩაში?! იყო ეს 2003 წლამდე ხელისუფლების სისტემური დანაშაული,რომელსაც არ ვეხებით? იყო თუ არა ფაქტი, რომ საქართველოში ხვრეტდნენ მიტინგებს, მრავალათასიანი მიტინგები ავტომატებით. არიან არა მხოლოდ თვითმხილველები, არამედ ვიდეოკადრებზეა ჩაწერილი, მათი სახელები და გვარები არის ცნობილი. არის თუ არა ფაქტი, რომ საქართველოში 1991-1992 წლებში მოხდა შეიარაღებული გადატრიალება, რომელმაც დაამხო მოსახლეობის 87%-ის მიერ რამდენიმე თვით ადრე არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი? - ხომ არის ფაქტი, ამას არ ვეხებით ხომ? იმ გადატრიალებისთვის ვინმე გასამართლდა, არ გასამართლებულა
გიორგი კახიანი: ბატონი ზაზა, 2003-2012 წლებში ჩადენილ მათ დანაშაულებრივ და სისტემურ ქმედებებს ამართლებს იმით, რა ხდებოდა 1999 წლამდე? ამას ვუსმინოთ?“
ზაზა ბიბილაშვილი: რამეს კი არ ვამართლებ, მე ვამბობ, რომ ჩვენ წინ უნდა წავსულიყავით და წინ წავედით. სხვათა შორის, რომან შამათავა ახსენეს და საზოგადოებას მინდა ამ ტრიბუნიდანაც შევახსენო, რომ რომან შამათავას სახელს სხვადასხვა საქმე უკავშირდება, მაგალითად,ის,რომ სოხუმის ციხიდან გამოიყვანა და ენგურს აქეთ გადმოიყვანა მამა იოანე, იგივე არჩილ მაისურაძე, რომელიც საქართველოს მტრებს ჰყავდათ დატყვევებული. ასევე მის სახელს უკავშირდება ის,რომ ქართული მოსახლეობა გალსა და ოჩამჩირეში ცხოვრობდა მშვიდად და ისეთი მკვლელები, როგორიც იყვნენ ვალმერ ბუთბა და ოთარ ტურამბა ვეღარ ახერხებდნენ ამის გაკეთებას. და, ჩემი მოქალაქეობრივი ვარაუდია, რომ რომან შამათავა რომ არ ყოფილიყო ის, სადაც ამ ხელისუფლებამ ჩასვა დღეს, გიგა ოთხოზორიაც იქნებოდა ცოცხალი.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს მიმართა, რომ ის ახლა ტრიბუნას იყენებდა იმისთვის, რაც საქმესთან შემხებლობაში არ არის.
„ჩვენს აკრძალვას ითხოვს ის პოლიტიკური ძალა, რომლის პირობებშიც საზოგადოებამ შეიტყო ე.წ. სუს-ის "კრებსების" თაობაზე“, - აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.