ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია, - ამის შესახებ ადგილზე მისულმა შსს-ს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მედიასთან განაცხადა.
თამაზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან 4 პირია ამოყვანილი და შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, თამაზაშვილის თქმით, 4-დან ერთი მდგომარეობა მძიმეა.
"მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, 4 პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა, ყველა კონტაქტურია. ასევე, სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებას. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია.
ნახევარი საათის წინ, გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა და ბიჭები უკანა მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩათვლას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა შს მინისტრმა.