უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს საკმარისი გავლენა აქვთ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაზე დაითანხმონ.
ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ორივე ქვეყანას პუტინის შეჩერება ერთი შეხვედრით შეუძლია.
ზელენსკის თქმით, თუ აშშ და ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ ან ამის შესახებ განაცხადებენ და რუსეთთან ექსპორტსა და იმპორტს შეაჩერებენ, ეს ომის დასრულებას გამოიწვევს.
„თუ ჩინეთი და აშშ სანქციებს დააწესებენ ან განაცხადებენ, რომ ამას გააკეთებენ, შეაჩერებენ რუსეთთან ექსპორტსა და იმპორტს, ეს ომის დასასრული იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, მსოფლიო სტაბილურობა ასეთ მსხვილ გლობალურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული და თუ ისინი პუტინს არ აჩერებენ, ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არ სურთ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დიდ შეცდომად შეაფასა დიდი სახელმწიფოების მცდელობა, მცირე ქვეყნების მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტონ მათი მომავალი.
მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი უკრაინის ბედს თავად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტენ, ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრებად დარჩება.
„ომი ბრძოლის ველზე იწყება და მშვიდობისკენ ნებისმიერი წინსვლა მხოლოდ ბრძოლის ველზე ცეცხლის შეწყვეტის პირობით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, კრემლის მოქმედებები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და მაშველების წინააღმდეგ განმეორებითი დარტყმები, აჩვენებს, რომ პუტინი უფრო მოქნილი არ გამხდარა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლები ამის შესახებ აცხადებდნენ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ უკრაინის კაპიტულაციის მიღწევას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, დღეს, 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს.
შეხვედრის მთავარი თემები, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის კონტროლი, საერთაშორისო უსაფრთხოება და ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი იქნება.
უკრაინის საკითხზე ლიდერების პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია. ვაშინგტონში მანამდე აცხადებდნენ, რომ ტრამპი ამ თემის განხილვას არ გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განხილვის სურვილი გამოთქვა.