უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, პაულუ რანჟელს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს ესპანეთში, იბერიულ-ამერიკული სამიტის ფარგლებში, პორტუგალიის პრეზიდენტთან მიღწეული წინასწარი შეთანხმებები.
„კერძოდ, ვამზადებთ ზომებს უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდასაჭერად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეაქტიული „შაჰედების“ ჩამოსაგდებად, რომლებითაც რუსები ყოველდღიურად ატერორებენ უკრაინის ქალაქებსა და დაბებს. ასევე მადლობა გადავუხადე გადაწყვეტილებისთვის, PURL-ის პროგრამისთვის 50 მილიონი დოლარი გამოეყოთ“, –- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებაც ესაუბრა.
„უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა ამ პროცესში ევროპის სრულფასოვან მონაწილეობას და ახლა ამას ამერიკული მხარეც უჭერს მხარს. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ხვალ ბერლინში დაგეგმილ შეხვედრებს დაესწრებიან. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების ჯგუფების დონეზე ახალი განხილვები და „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრები შედეგიანი იქნება. ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.