უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს უკრაინას პირველად დაუსვეს კითხვა, დათანხმდებოდა თუ არა დონბასის იმ ნაწილის დატოვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინული ძალები აკონტროლებენ, იმ პირობით, თუ ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინა უკან არ იხევს და თავის მიწებს ტერორისტებს არ თმობს. ამერიკელებმა კითხვა დაგვისვეს: „თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, გავა თუ არა დონბასიდან?“ ეს პირველად მოხდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების ზომების ერთიან პაკეტს განიხილავს, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში ქვეყანას შეიძლება შესთავაზონ.
მათ შორისაა ნატო-სა და ევროკავშირის კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები, ძლიერი უკრაინული არმია - შესაბამისი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეებით, შეიარაღებითა და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერით, ასევე უკრაინის აღდგენის გეგმა (Prosperity Plan), რომელსაც დაფინანსების კონკრეტული წყაროები უნდა ჰქონდეს.
ზელენსკის განმარტებით, თუ აშშ და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები ამ უსაფრთხოების პაკეტს დაადასტურებენ, ის ამ საკითხზე უკრაინის საზოგადოების აზრს მოისმენს.
„მაშინ საზოგადოებას ვკითხავ: ვიღებთ თუ არა ამ წინადადებას? მე არ მაქვს უფლება, ეს საკითხი საკუთარი შეხედულებისამებრ გადავწყვიტო. თუმცა საჭიროა კონკრეტული პირობები, რომლებიც ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს და ყველაფერი კვლავ განხილვის ეტაპზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის საბოლოო პირობები შეთანხმებული არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება.