რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებოდა და მიიჩნევდა, რომ დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა.
ამის შესახებ ზახაროვამ 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას ჰკითხეს, გააფრთხილა თუ არა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ.
ჟურნალისტმა კითხვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს ბოლო განცხადებას დაუკავშირა. შოიგუს მტკიცებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.
ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საჯაროდ საუბრობდა და დასავლეთის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევად აფასებდა.
„ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით კომენტარებს იმის შესახებ, რაც საქართველოში მოვლენების მიმდინარეობისას ხდებოდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ გამოიყენებოდა ყველა ის ზომა, რომელიც შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევად დახასიათდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, მოსკოვი ამ საკითხზე, მათ შორის, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე საუბრობდა. ზახაროვას მტკიცებით, დასავლეთი კანონის გაუქმებას ცდილობდა, მოგვიანებით კი საპროტესტო განწყობების ხელოვნურად მართვას.
" საქართველოს ანტიქართულ „ნარატივებში“ მოქცევის მცდელობა იყო. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, პირველ რიგში სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, ფაქტების საფუძველზე. კერძოდ, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ როგორ მანიპულირებდა დასავლეთი ამით და ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. მათ ამ კანონის გაუქმება სცადეს, ხოლო შემდეგ ცდილობდნენ ხელოვნურად ემართათ საპროტესტო განწყობები, იქ, სადაც მათ ამის უფლება არ ჰქონდათ“, - განაცხადა ზახაროვამ.