აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, მოამზადოს ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი წინადადება, რომელშიც მოსკოვმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნები, არამედ დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯებიც. ამის შესახებ გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას, რომელიც ნატო-ს გაფართოებას შეზღუდავდა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნას შეამცირებდა.
აშშ ადრე უარყოფდა რუსეთის ამ მოთხოვნებს, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში, გარკვეული ფორმით განიხილოს ისინი.
ამასთან, ევროპის არაერთი ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომას დიდი ეჭვით უყურებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან და მას ამ თხოვნას კიდევ ერთხელ გადასცემენ.
მათ ასევე სურთ, რომ პუტინი დათანხმდეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობას.
წყაროს ცნობით, რომელიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები დაძაბული და ემოციური იყო. ორივე მხარემ საკუთარი პრეტენზიები გამოთქვა.
გამოცემის ინფორმაციით, კუშნერი და უიტკოფი ცდილობდნენ დაძაბულობის განმუხტვას. მათ რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებლებს განუცხადეს, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდის მიზანი ორივე მხარის ლიდერებისთვის პრობლემის გადაჭრის შესაძლო ვარიანტების შეთავაზება იყო.
„საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც თითოეულმა მხარემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, დისკუსია უფრო კონსტრუქციული გახდა“, - წერს გამოცემა.