ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ, ჯონ სტრინგერმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი სუვერენული ტერიტორიების მომავალი.
ამის შესახებ სტრინგერმა ტელეკომპანია Euronews-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
„ეს პუტინს ზიანს აყენებს. მას ეგონა, რომ ახლა ჩაერეოდა და ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას შექმნიდა, რომლის ჩამოყალიბებაც უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა ამ მხრივ დიდი იმედგაცრუება ელოდა. ის, რასაც უკრაინამ წარმოსახვის უნარის, ინოვაციებისა და ნებისყოფის წყალობით მიაღწია, უბრალოდ წარმოუდგენელია და ჩვენ ეს სათანადოდ უნდა დავაფასოთ“, - განაცხადა სტრინგერმა .
სტრინგერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებისა, შეწყდეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის საფრთხეს უკავშირდება, დასავლელმა მოკავშირეებმა კიევის წარმატებები ამ თავდასხმებში უნდა მოიწონონ.
გარდა ამისა, სტრინგერმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად გულწრფელია კრემლის განზრახვები აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.
მისი თქმით, ამ დროისთვის მცირე მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის პერიოდის მაქსიმალისტურ მიზნებზე უარი თქვა, რაც უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ითვალისწინებდა.
შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინაზე ზეწოლა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილის დათმობის მიზნით, სტრინგერმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი სუვერენული ტერიტორიების მომავალი.
„რაც შეეხება ტერიტორიებს, ეს საკითხი მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ“, - აღნიშნ მან.