უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პილოტებმა 11 ნოემბრის ღამეს რუსეთის სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ დააზიანეს. „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდს „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. იუწყება უკრაინული მედია.
რუსეთის სამხედრო ხომალდზე იერიში თავდაცვის ძალების ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რომლის დროსაც უკრაინულმა ძალებმა ლენინგრადის ოლქში, რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობტერმინალზეც მიიტანეს იერიში.
ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და რუსეთზე ღამის თავდასხმის დროს განხორციელდა.
მცირე სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ რუსეთის ბალტიის ფლოტს ეკუთვნის.
„ეს ხომალდი „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ფრთოსანი რაკეტების მატარებელია. ის წყალში 2022 წელს ჩაუშვეს“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უწყება ასევე ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 11 ნოემბრის ღამეს ჩატარებული ოპერაციის დროს რუსული საბრძოლო ვერტმფრენებიც განადგურდა.
მედიის ცნობით, „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდების წყალწყვა 850 ტონას შეადგენს. ისინი აღჭურვილია რვასარაკეტო უნივერსალური გამშვები დანადგარით „კალიბრ-НК“, ასევე „ონიქსის“ ტიპის რაკეტების გამშვები დანადგარებით. გარდა ამისა, ხომალდებს აქვთ საზენიტო არტილერია, ტყვიამფრქვევები და 100-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარი.